მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონატები  |  არქივი  |  კონტაქტი  |  ლიგა 4  |  ჩემპიონატი  



ჩემპიონი იბერია ზარ–ზეიმით დააჯილდოვეს 29.06.2014

დღესვე, დღის ბოლოს, სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა დიდ ლილოს ეწვია, სადაც მორიგი დაჯილდოების ცერემონიალი ელოდა. სწორედ ეს გახლდათ დღევანდელი დღის დაჯილდოება...

სხვა თუ არაფერი, სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას, ყველაზე უფროსი ასაკის ტურნირის გამარჯვებული უნდა დაეჯილდოებინა.

სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ეგიდით ჩატარებულ, 2013–2014 წლების სეზონის ტურნირებიდან, ყველაზე უფროსი ასაკის, 1996–1997 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა გათამაშება დიდი ლილოს „იბერიამ“ მოიგო. გუნდი, რომლის მთავარი მწვრთნელიც ზურაბ პეტრიაშვილია, მთელი სეზონის განმავლობაში დამაჯერებლად იასპარეზა და დამსახურებულად გახდა ჩემპიონი...

ჩემპიონთა დასაჯილდოებლად, სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სერგო გაბელაია და გენერალური მდივანი გიორგი აღდგომელაძე  დიდ ლილოს ეწვივნენ. ფედერაციის თავკაცებს „იბერიას“ მესვეურები სტადიონზე, საშინაო არენაზე დახვდნენ. მალევე ქალაქ თბილისის საკრებულოში, კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატი, ქალბატონი გულიკო ზუმბაძეც გამოჩნდა, რომელმაც თავისი საარჩევნო რეგიონის ჩემპიონები დააფასა...

სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა, სერგო გაბელაიამ და გიორგი აღდგომელაძემ, შემდეგ კი ქალბატონმა გულიკო ზუმბაძემ, „იბერიას“ ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს ჩემპიონობა მიულოცეს და მომდევნო სეზონებში ოქროს მედლების შენარჩუნება უსურვეს...

შემდეგ კი, მთავარი მომენტი, დაჯილდოების ცერემონიალი დაიწყო. „იბერიას“ მთავარმა მწვრთნელმა ზურაბ პეტრიაშვილმა საზოგადოებას სათითაოდ წარუდგინა თავისი გუნდის ფეხბურთელები და ისინი ასევე სათითაოდ, ორიოდე სიტყვით დაახასიათა.

 

სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელთა თხოვნით, „იბერიას“ დაჯილდოების ცერემონიალში, ქალბატონმა გულიკო ზუმბაძემაც მიიღო მონაწილეობა. საჩემპიონო მედლების, დიპლომებისა და თასის გარდა, დიდი ლილოს „იბერიას“ ფეხბურთელებს, TRAMONDI–ს ფირმის ბურთი გადაეცათ საჩუქრად, რომელსაც სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელების, ქალბატონ გულიკო ჩაფიძისა და მწვრთნელების ავტოგრაფი ამშვენებდა.

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge