მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონატები  |  არქივი  |  კონტაქტი  |  ლიგა 4  |  ჩემპიონატი  



სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების (OFFS) დღეები გორში გაიხსნა 05.09.2013.

„სახალისო ფეხბურთის ღია სკოლები“ საერთაშორისო ენაზე, ინგლისურად, შემოკლებით OFFS–ია. ეს უეფას ერთ–ერთი პოპულარული პროგრამაა და უკვე რამდენიმე წელია, რაც საქართველოშიც წარმატებით მიმდინარეობს. უფრო მეტიც, „სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების“ თბილისის ოფისიდან (რომლის ხელმძღვანელიც ვალერი ჩოლარია გახლავთ) მიმდინარეობს, ამ პროექტის განხორციელება, სომხეთში, აზერბაიჯანში, მოლდოვაში, უკრაინასა და სხვა ქვეყნებში.

 

ამ პროექტში საფეხბურთო კლუბი ცხინვალის „სპარტაკი“ და სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციაც ჩაერთვნენ და „სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების“ ჩატარების დღეებად 5–9 სექტემბერი დადგინდა...

5 სექტემბერს გორში საკმაოდ კი ციოდა, მაგრამ „ქართლის“ სტადიონზე დიდი გამოცოცხლება მაინც აშკარად თვალშისაცემი გახლდათ. სტადიონის მიმდებარე ტერიტორია, ბავშვებით სავსე მიკროავტობუსებით გაივსო. ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ბავშვები, რომლებიც ქალაქ გორსა და მიმდებარე სოფლებში ცხოვრობენ, ჟივილ–ხივილით მოეფინენ სტადიონს. მალე მათი მწვრთნელებიც გამოჩნდნენ და სხვადასხვა ასაკის 200–მდე ბავშვს, სხვადასხვა ფერის მაისურები, კეპები, გადასაცმელები და ბურთები დაურიგეს...

5–9 სექტემბერს, უეფას პროგრამა „სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების“ (OFFS) დღეები სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით ჩატარდება. ღონისძიებას ამ პროგრამის საქართველოს ოფისიდან გია რევაზიშვილი უწევდა კურატორობას, რომელიც ამავე დროს შიდა ქართლის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახლავთ. გია რევაზიშვილის, სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ სერგო გაბელაიასა და გენერალურ მდივან გიორგი აღდგომელაძის ხელმძღვანელობით, ღონისძიება დადგენილი სცენარის ზედმიწევნით შესრულებით წარიმართა...

სხვადასხვა ფერის კეპებითა და გადასაცმელებით შემოსილი ბავშვები ერთ რიგად გამწკრივდნენ და საქართველოს სახელმწიფო, ეროვნული ჰიმნიც აგუგუნდა. ჰიმნის დასრულების შემდეგ უეფას პროგრამა OFFS–ის მონაწილე ბავშვებს, მოზარდებსა და მათ მწვრთნელებს გორის ხელისუფლების წარმომადგენლები და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის სპორტის გამყოფილების თავკაცები, მამუკა მამაცაშვილი და ზაზა რომელაშვილიც მიესალმნენ. მათ სერგო გაბელაიასთან ერთად ბაშვებს „სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების“ პროგრამაში მონაწილეობა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს...

უეფას OFFS–ის პროგრამა ბავშვთა და მოზარდთა ჯანსაღი განვითარების გარდა, სამართალდამცავი ორგანოების, კერძოდ კი პოლიციის წარმომადგენლებთან ახლო ურთიერთობის ჩამოყალიბებასაც მოიცავს. შესაბამისად, ამ ღონისძიებაში ქალაქ გორის საპატრულო პოლიციის ორი ეკიპაჟიც მონაწილეობდა (ვასილ დავითაშვილი, გიორგი ხაჩიძე, მალხაზ ბირთველაშვილი, ჯამბულ აბდიევი), რისთვისაც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია, სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაცია, OFFS–ისა და შიდა ქართლის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა მათ მადლობას უხდის...

OFFS –ის მონაწილე ბავშვებსა და მოზარდებს, საპატრულო ეკიპაჟის წევრებთან ახლო კონტაქტის დამყარება არ გასჭირვებიათ. პოლიციელებმა ბავშვები, საპატრულო ეკიპაჟის მანქანებშიც ჩასვეს და გადამცემი სისტემის მართვის გარდა, მანქანაში დამონტაჟებული სპეციალური კომპიუტერის მართვა–გამოყენებაც ასწავლეს. ბოლოსთვის კი, OFFS –ის პროგრამის ხელმძღვანელებმა, პოლიციელებთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს...

 

მერე კი ისევ ბურთებით თამაში გაჩაღდა, რომელმაც 2 საათზე მეტხანს გასტანა და სამხრობის დროც მოვიდა, რაც ამავე პროგრამით გათვალისწინებული გახლდათ. დანაყრების შემდეგ ბავშვებმა ბურთაობა კიდევ ერთ საათს გააგრძელეს და ღონისძიების პირველი დღეც ამით დასრულდა...

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge