ბურთები საჩუქრად კოდაშიც მიიღეს | 13.11.2011. |
ჩვენმა ფედერაციამ ცხინვალის ”სპარტაკისა” და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ მიღბული ბურთების დარიგების აქცია გააგრძელა. ამჯერად საჩუქარი სოფელ კოდაში დასახლებულ დევნილთა გუნდმა მიიღო. დღეს, 13 ნოემბერს სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სერგო გაბელაია და გენერალური მდივანი გიორგი აღდგომელაძე სოფელ კოდას ეწვივნენ. ისინი ქვემო ქართლის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ბავშვთა და მოზარდთა ჩემპიონატის მატჩს დაესწრნენ, რომელშიც ცხინვალის ”სპარტაკმა” გარდაბანის ”გარდაბანს” უმასპინძლა. ამ შეხვედრაში ბურთი არავის გაუტანია, თუმცა მატჩის შემდეგ ნორჩმა სპარტაკელებმა საპატიო სტუმართა მიერ ჩამოტანილი საჩუქრით, ბურთებით გაიხარეს. ზურაბ ქრისტესიაშვილისა და ვახტანგ ყაზახაშვილის გუნდების ფეხბურთელებს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავასა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ასევე ცხინვალის ”სპარტაკის” პრეზიდენტის დიმიტრი სანაკოევის სახელით ბურთები საჩუქრად სერგო გაბელაიამ და გიორგი აღდგომელაძემ საზეიმო ვითარებაში, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის თანხლებით გადასცეს.
”პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ ზვიად სიჭინავას, რომელმაც ბურთები, ეს მნიშვნელოვანი საჩუქარი უმაღლესი ლიგის გუნდს, ცხინვალის ”სპარტაკს” გადასცა. ასევე, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და ცხინვალის ”სპარტაკის” პრეზიდენტ დიმიტრი სანაკოევის დიდად მადლიერები ვართ, როომელმაც ეს ბურთები სამხრეთ ოსეთის ფეხბურთჳს ფედერაციას გადმოსცა. ჩვენ კი მორიგი აქცია ჩავატარეთ და ბურთები საჩუქრად გადავეცით გორში, ხურვალეთში, ტინისხიდსა და წეროვანში სამხრეთ ოსეთიდან დევნილი ბავშვებით დაკომპლექტებულ გუნდებს. ბოლო 2-3 წელია მსგავს აქციებს ვატარებთ, ამას უკვე ტრადიციული ხასიათი აქვს და ეს ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება”, - აღნიშნა სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სერგო გაბელაიამ. სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა გიორგი აღდგომელაძემ კი განაცხადა: ”საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია და ცხინვალის ”სპარტაკის” ხელმზღვანელობა ყოველთვის ზრუნავს მომავალ თაობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებასა და ქართული ფეხბურთისთვის მომავალი თაობების აღზრდისთვის. დღეს ჩატარებული ეს მორიგი აქციაც ამისი დასტურია. ჩვენ მსგავს აქციებს მომავალშიც ჩავატარებთ და კიდევ არაერთხელ გავახარებთ ამ ბავშვებს, რომლების დღს საკუთარ სამშობლოში დევნილები არიან”.
”ალბათ არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება, როცა დევნილი ბავშვების სიხარულით სავსე თვალებს ხედავ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციისა და სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელების დიდად მადლიერები ვართ. დღეს მათ ჩვენი ბავშვები გაახარეს. იმედი მაქვს ეს ბავშვები გაიზრდებიან, კარგ ფეხბურთელებად ჩამოყალიბდებიან და თავიანთი წარმატებებით მთელ საქართველოს გაახარებენ”, - გახარებულმა აღნიშნა სოფელ კოდაში მოქმედ, ცხინვალის ”სპარტაკის” ბავშვთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზურაბ ქრისტესიაშვილმა. |
უკან დაბრუნება |